TypeScript-ის შესავალი

TypeScript-ის შესავალი

ტაიპსკრიპტი არის ჯავასკრიპტზე დაშენებული, მკაცრად ტიპიზირებული ენა. მარტივი სიტყებით რომ ვთქვათ, ტაიპსკრიპტი არის იგივე ჯავასკრიპტი, ოღონდ ტიპებით - ტაიპსკრიპტში საჭიროა, რომ ყველა ცვლადს, კლასს, ფუნქციის არგუმენტებსა თუ ფუნქციის დაბრუნებულ მნიშვნელობებს ჰქონდეს კონკრეტული ტიპი. ტაიპსკრიპტის საშუალებით კოდის წერის პროცესშივე შეგვიძლია იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომლებმაც ჯავასკრიპტის დეველოპმენტის დროს შეიძლება ძალიან გვიან იჩინონ თავი. იგი სწორედ ამ დანიშნულებისთვის შეიქმნა, რადგან როცა ვებ ტექნოლოგიების მასშტაბები გაიზარდა და აპლიკაციები კომპლექსური გახდა, აღმოჩნდა, რომ დინამიკურად ტიპიზირებული ჯავასკრიპტი ძალზედ მოუხერხებელი და ხარვეზებისკენ მიდრეკილი გახდა.

ტაიპსკრიპტი არ არის ჯავასკრიპტის ჩამნაცვლებელი, რადგან ბრაუზერში ტაიპსკრიპტი არ მუშაობს, მაგრამ ტაიპსკრიპტს მოყვება თავისი ქომფაილერი, რომელიც ტაიპსკრიპტის კოდს ჩვეულებრივ ჯავასკრიპტად გარდაქმნის. ტაიპსკრიპტით დეველოპმენტის შედეგად, ბრაუზერი ისევ ჯავასკრიპტს იყენებს, მაგრამ პლიუსი ის არის, რომ ტაიპსკრიპტის ქომფაილერი (ან მისი ინტეგრირებული ვარიანტი კოდის ედიტორში) პრობლემებს დაქომფაილების პროცესში აფიქსირებს. შედეგად კოდის წერის პროცესში - ედიტორშივე - დავინახავთ თუ კოდი ხარვეზიანია.

ტაიპსკრიპტი ფართოდ გამოიყენება ვებ დეველოპმენტში. ის Angular ფრეიმვორქის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია და ასევე ხშირად გამოიყენება React-სა და Vue-შიც. ბოლო დროს დამკვიდრდა ჯავასკრიპტის ისეთი გარემოები, რომლებსაც პირდაპირ აქვთ ტაიპსკრიპტის მხარდაჭერა (მაგალითად Deno და Bun. Node-შიც კი უკვე იწყებენ ტაიპსკრიპტის მხარდაჭერას). ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ სჭირდებათ ტაიპსკრიპტის ჯავასკრიპტში კომპილაცია, თუმცა ისინი სისტემური პროგრამებისა და ვებ სერვერების ასაწყობად გამოიყენება და არა ბრაუზერის აპლიკაციებისთვის.

ტაიპკსირიპტის გარეშე უკვე enterprise დონის ვებ აპლიკაციების აწყობა აღარ განიხილება, შესაბამისად მისი სწავლა ვებ დეველოპმენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია!