მანიპულაცია ელემენტებზე

წინა სტატიებში განვიხილეთ თუ როგორ უნდა ამოგვეღო ელემენტი და მოგვესმინა მის ივენთებზე. ელემენტებზე მანიპულაციისთვის რეალურად უფრო მეტი შესაძლებელობა გვაქვს. შეგვიძლია: დავუმატოთ კლასი, წავუშალოთ კლასი, დავუმატოთ კონტენტი, წავუშალოთ კონტენტი და ბევრი სხვა თვისება, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს კონტენტი დინამიურად დავაგენერიროთ.

ტექსტური კონტენტის შეცვლა

კონტენტის შეცვლა ხშირ შემთხვევაში გვიწევს ორგვარად: სტატიკურად ან დინამიურად. სტატიკურია მომენტი მაშინ როცა დაზუსტებით ვიცით თუ რაც უნდა მივანიჭოთ პირდაპირ, მაგალითად გამოვიტანოთ ყოველ ჯერზე სტატიკური ტექსტი გამარჯობა მომხარებელო, ხოლო დინამიურობის იდეა არის, რაღაც მოქმედებებიდან გამომდინარე გამოვითვალოთ ან მოვიპოვოთ მნიშვნელობა და ვიზუალზე ის წარვადგინოთ, მაგალითად: გამარჯობა name. name ამ შემთხვევაში პირობითი მნიშვნელობა არის სადაც შესაძლებელია ნებისმიერი მნიშვნელობა ჩაჯდეს.

პირდაპირი კონტენტის შესაცვლელად შეგვიძლია DOM-ის რამოდენიმე თვისება გამოვიყენოთ: textContent, innerText, innerHTML.

textContent

textContent თვისება გამოიყენება იმისთვის, რომ წავიკითხოთ სრული ტექსტი ელემენტიდან. მასზე მნიშვნელობის მინიჭება გულისხმებს ელემენტის ტექსტური კონტენტის ცვლილებას.

მაგალითად:

HTML

დღევანდელი შემთხვევითი ციტატა: ვების სწავლა iswavle.com-ზე მარტივია

JS
const paragraph = document.querySelector('p.quote');
console.log(paragraph.textContent); // დღევანდელი შემთხვევითი ციტატა: ვების სწავლა iswavle.com-ზე მარტივია

პ.ს იცოდი, რომ iswavle.com-ს ცალკე პროექტიც აქვს ფრონტის დეველოპერებისთვის, სადაც უფასოდ შეგიძლია სხვადასხვა API-ს გამოყენება? გაეცანი everrest.educata.dev-ს.

განვიხილოთ ტექსტის განახლების მაგალითი:

HTML

დღეს ... ამინდია

კარგი
ცუდი
JS
const weatherResult = document.querySelector('#weatherResult');
const goodBtn = document.querySelector('#goodBtn');
const badBtn = document.querySelector('#badBtn');

goodBtn.addEventListener('click', () => {
weatherResult.textContent = 'კარგი';

badBtn.addEventListener('click', () => {
weatherResult.textContent = 'ცუდი';

მაგალითში ჯერ ვიღებთ ელემენტს, შემდგომ ღილაკებზე დაკლიკებას ვუსმენთ და დაკლიკების შედეგად span ელემენტის ვუცვლით ტექსტურ შიგთავსს.

innerText

innerText თვისება საკმაოდ წააგავს textContent თვისებას. ამ შემთხვევაში innerText-იც აბრუნებს ტექსტს და ანალოგიურად შესაძლებელია ტექსტური ტიპის მნიშვნელობის ცვლილება, ოღონდ გვაქვს მცირედი განსხვავება: innerText წაიკითხავს მხოლოდ თვალით ხილვად ტექსტს.

მაგალითად:

HTML

დღეს კარგი ამინდია, მაგრამ გაწვიმებას აპირებს

JS
const paragraph = document.querySelector('p.weather-text');
console.log(paragraph.innerText); // 'დღეს კარგი ამინდია'
console.log(paragraph.textContent); // 'დღეს კარგი ამინდია, მაგრამ გაწვიმებას აპირებს'

ამ კონკრეტულ მაგალითში span ელემენტზე გაწერილი არის display: none თვისება, რაც გულისხმობს, რომ ის ვიზუალზე არ უნდა გამოჩნდეს. თუ შევეცდებით კონტენტის წაკითხვას, innerText მხოლოდ ხილვად ნაწილს დაგვიბრუნებს, რაც არის: 'დღეს კარგი ამინდია', ხოლო თუ გამოვიყენებთ textContent-ს, შედარებით სრულ სურათს დავინახავთ: 'დღეს კარგი ამინდია, მაგრამ გაწვიმებას აპირებს'. ორივე თვისება სიტუაციურია, თუ გსურთ სრული კონტენტის ხილვა, მაშინ გამოიყენეთ textContent, ხოლო თუ გსურთ მხოლოდ ხილვადი ტექსტის წაკითხვა, გამოიყენეთ innerText.

innerHTML

innerHTML თვისება გამოიყენება HTML კონტენტის დასარენდერებლად. რენდერი ეს არის პროცესი, როცა კონტენტი გამოდის არა როგორც ტექსტური ფორმით, არამედ როგორც HTML-ის ელემენტი.

მაგალითად:

HTML

მცდელობა პირველი:

მცდელობა მეორე:

მცდელობა მესამე:

დავარენდეროთ კონტენტი
JS
const firstResult = document.querySelector('#firstResult');
const secondResult = document.querySelector('#secondResult');
const thirdResult = document.querySelector('#thirdResult');
const renderBtn = document.querySelector('#renderBtn');

renderBtn.addEventListener('click', () => {
firstResult.textContent = 'დახრილი ტექსტი';
secondResult.innerText = 'დახრილი ტექსტი';
thirdResult.innerHTML = 'დახრილი ტექსტი';

კონკრეტულ მაგალითში გვაქვს 3 მცდელობა, რომ HTML თეგი დავარენდეროთ. პირველი და მეორე მცდელობა არ იმუშავებს, რადგან textContent და innerText უბრალოდ ტექსტს არენდერებს, ხოლო innerHTML-ს გააჩნია რენდერის შესაძლებლობა, ამიტომაც თუ შეუძლია ელემენტის დარენდერება, აუცილებლად დაარენდერებს. სხვა შემთხვევაში, ეს თვისებაც უბრალოდ ტექსტს გამოიტანს.

innerHTML გვთავაზობს HTML დარენდერებას, მაგრამ არასწორი გამოყენების შემთხვევაში, მოჰყვება სხვადასხვა უსაფრთხოების რისკები. გაეცანით MDN-ის სტატიას ვების უსაფრთხოებაზე.

სტილიზაციის მანიპულაცია

DOM-ით შეგვიძლია სტილების შეცვლაც. ამისათვის საჭიროა ამოვიღოთ ელემენტი და მის style ობიექტში შევიტანოთ ცვლილებები. ეს შესაძლებელია როგორც სტატიკურად, ასევე დინამიურადაც.

სტატიკურის მაგალითი:

HTML

JS
const box = document.querySelector('.box');
box.style.width = '150px';
box.style.height = '150px';
box.style.backgroundColor = 'steelblue';

box ელემენტი, როგორც კი JavaScript გაეშვება, სტატიკურად მიიღებს steelblue ფერს და 150px-ის სიგრძესა და სიგანეს.

დინამიურის მაგალითი:

HTML

საინტერესო ტექსტი

ფონტის ზომა

ფერის ცვლილება
<select id="color" name="color">
<option value="steelblue">ლურჯი</option>
<option value="green">მწვანე</option>
<option value="black">შავი</option>
<option value="random">შემთხვევითი</option>
</select>

JS
const dynamicStyle = document.querySelector('#dynamicStyle');
const fontSizeInput = document.querySelector('#fontSize');
const colorSelect = document.querySelector('#color');

fontSizeInput.addEventListener('change', function () {
const size = Number(this.value); // ამოვიღოთ ველის მნიშვნელობა და გადავიყვანოთ რიცხვში
dynamicStyle.style.fontSize = `${size}px`; // dynamicStyle-ს ფონტის ზომა

colorSelect.addEventListener('change', function () {
// შევცვალოთ dynamicStyle ფერი შემთხვევითი ფერით ან სტატიკურად განთავსებული ფერით
dynamicStyle.style.color = this.value === 'random' ? getRandomColor() : this.value;

function getRandomColor() {
// დავაგენერიროთ შემთხვევითი რიცხვი 0 - 256, შემდგომ კი შევფუთოთ rgb ფორმატში
const r = Math.floor(Math.random() * 256);
const g = Math.floor(Math.random() * 256);
const b = Math.floor(Math.random() * 256);
return `rgb(${r},${g},${b})`;

ამ მაგალითში მომხარებელს შეუძლია, შეცვალოს ფონტის ზომა და ფერი. ერთერთი მარტივი მიდგომა ველიდან მნიშვნელობის წასაკითხად, არის მისი value თვისების წაკითხვა. ფონტის ზომის შემთხვევაში, მომხმარებელი რასაც შეიყვანს, იმ მნიშვნელობას ვუყენებთ span-ის ელემენტს. ფერის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს სტატიკური ფერი, ან დინამიკურად დაგენერირებული შემთხვევითი ფერი, რომელიც ელემენტს მიენიჭება.

ფორმის ელემენტებთან მუშაობა უფრო დეტალურად განხილული იქნება ფორმების სტატიაში.

ატრიბუტის მანიპულაცია

HTML-ში მრავალი საინტერესო და გამოსადეგი ატრიბუტი გვაქვს, რომლის დინამიურად წაკითხვა, ცვლილება, წაშლა შეგვიძლია JavaScript-ის მხრიდან.

ზოგადი ატრიბუტების მანიპულაცია

getAttribute მეთოდი დააბრუნებს ატრიბუტის მნიშვნელობას. თუ ატრიბუტს მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ დააბრუნებს null-ს.

განვიხილოთ ატრიბუტის ამოღების მაგალითი:

HTML
ატრიბუტის დალოგვა
JS
const getAttrBtn = document.querySelector('#getAttrBtn');
getAttrBtn.addEventListener('click', function () {
console.log(this.getAttribute('data-count')); // '2'
console.log(this.getAttribute('src')); // null

ამ მაგალითში დაკლიკების შემდგომ დაილოგება ღილაკის ატრიბუტების მნიშვნელობები. შეგვეძლო ჩვეულებრივი ფუნქციის ნაცვლად arrow ფუნქცია დაგვეწერა, მაგრამ ასე this-ს დავკარგავდით.

setAttribute მეთოდი გამოიყენება ელემენტზე ატრიბუტის დასამატებლად. მეთოდი ღებულობს ორ ტექსტურ პარამეტრს: ატრიბუტის სახელსა და ატრიბუტის მნიშვნელობას. მეთოდი არაფერს არ აბრუნებს.

განვიხილოთ ატრიბუტის დამატების მაგალითი:

HTML
ატრიბუტის დამატება
JS
const setAttrBtn = document.querySelector('#setAttrBtn');
setAttrBtn.addEventListener('click', function () {
this.setAttribute('data-count', '22');

removeAttribute მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია ელემენტიდან ატრიბუტის წაშლა. მეთოდი ღებულობს ერთ ტექსტურ პარამეტრს - წასაშლელი ატრიბუტის სახელს. მეთოდი არაფერ არ აბრუნებს.

განვიხილოთ ატრიბუტის წაშლის მაგალითი:

HTML
ატრიბუტის წაშლა
JS
const removeAttrBtn = document.querySelector('#removeAttrBtn');
removeAttrBtn.addEventListener('click', function () {
this.removeAttribute('data-count');

hasAttribute მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია შევამოწმოთ ელემენტს გააჩნია თუ არა ატრიბუტი. მეთოდი ღებულობს ერთ ტექსტურ სტრინგს. მეთოდი დააბრუნებს true-ს იმ შემთხვევაში თუ ელემენტს ატრიბუტი გააჩნია, ხოლო false-ს - თუ არ გააჩნია.

HTML
ატრიბუტის წაშლა
JS
const hasAttrBtn = document.querySelector('#hasAttrBtn');
hasAttrBtn.addEventListener('click', function () {
console.log(this.hasAttribute('data-count')); // true

attributes თვისება დააბრუნებს ყოველ ატრიბუტს, რომელიც ელემენტს გააჩნია. დაბრუნებული მნიშვნელობა იქნება NamedNodeMap-ის ტიპის.

dataset თვისება დააბრუნებს ყოველ ხელით შექმნილ ატრიბუტს (custom attributes), რომლებიც მეტწილადად იწყება data- პრეფიქსით. დაბრუნებული მნიშვნელობა იქნება DOMStringMap ტიპის.

ორივე თვისების მაგალითი:

HTML

JS
const user = document.querySelector('#user');
console.log(user.attributes); // {0: id, 1: data-id, id: id, data-id: data-id, length: 2}
console.log(user.dataset); // {id: "123456789"}

ორივე თვისებას თავისი გამოყენების მიდგომა გააჩნია. attributes თვისება გამოიყენება ხშირად მაშინ, როცა ყოველი ატრიბუტის დაბრუნება გვსურს, ხოლო dataset მაშინ, როცა ხელით შექმნილი ატრიბუტების ამოღება გვჭირდება.

class-ების მანიპულაცია

DOM ასევე გთავაზობს მეთოდების ნაკრებს კლასებისთვისაც. ხშირია შემთხვევა, როცა სტატიკურად მინიჭებული კლასის გარდა გვჭირდება დინამიურად მინიჭებული კლასის სახელები, მაგალითად: ჩამოსქროლვის შემდგომ რაღაც ელემენტმა მიიღოს კლასი, რის მიხედვითაც გაეშვება CSS-ის ანიმაცია. კლასის თვისებები და მეთოდები თავმოყრილია ერთ ობიექტში, classList-ში, რომელსაც შეგვიძლია ჩავწვდეთ ელემენტის ამოღების შემდგომ.

კლასის დასამატებლად ვიყენებთ add მეთოდს. მეთოდი პარამეტრად ღებულობს კლასის დასახელებებს, სტრინგის სახით, და არაფერს აბრუნებს. ის უბრალოდ ელემენტზე დაამატებს კლასს ან კლასებს.

მაგალითად, ღილაკზე დაკლიკების შემდგომ დავამატოთ კლასი:

HTML

დავამატოთ კლასი
JS
const addClassContainer = document.querySelector('#addClassContainer');
const addClassBtn = document.querySelector('#addClass');

addClassBtn.addEventListener('click', () => {
addClassContainer.classList.add('animate');

ამ მაგალითში, ღილაკზე დაკლიკების შემდგომ დივი, რომელსაც addClassContainer მნიშვნელობის id აქვს, მიიღებს კლასს animate.

კლასის წასაშლელად ვიყენებთ remove მეთოდს. მეთოდი პარამეტრად ღებულობს კლასის დასახელებებს, სტრინგის სახით, და აბრუნებს არაფერს. ის უბრალოდ ელემენტზე წაშლის კლას ან კლასებს.

მაგალითად ღილაკზე დაკლიკების შემდგომ წავშალოთ კლასი:

HTML

წავშალოთ კლასი
JS
const removeClassContainer = document.querySelector('#removeClassContainer');
const removeClassBtn = document.querySelector('#removeClass');

removeClassBtn.addEventListener('click', () => {
removeClassContainer.classList.remove('animate');

ამ მაგალითში განიხილება ღილაკზე დაკლიკების შემდგომ animate კლასის წაშლა დივიდან.

კლასის toggle-სთვის გამოიყენება მეთოდი toggle. toggle ეს არის პროცესი გადართვა-გადმორთვის პროცესი. კონკრეტულად ამ მეთოდის შემთხვევაში, თუ ელემნტს აქვს პარამეტრში მიწოდებული კლასი, მას წაუშლის, ხოლო თუ არ აქვს - დაუმატებს. მეთოდი პარამეტრად ღებულობს კლასის დასახელებას, სტრინგის სახით, და დააბრუნებს true-ს ან false-ს, იმის მიხედვით, ელემენტს დაემატა (true) თუ წაეშალა (false) კლასი.

მაგალითად, ღილაკზე დაკლიკების შემდგომ გავაკეთოთ toggle კლასის:

HTML

toggle კლასი
JS
const toggleClassContainer = document.querySelector('#toggleClassContainer');
const toggleClassBtn = document.querySelector('#toggleClass');

toggleClassBtn.addEventListener('click', () => {
toggleClassContainer.classList.toggle('animate');

ამ მაგალითიდან ჩანს, რომ ღილაკზე დაკლიკების შემთხვევაში კლასი ან წაიშლება ან დაემატება იმის მიხედვით, მანამდე გააჩნდა თუ არა კლასი.

არის მომენტები, როცა გვჭირდება შემოწმება, ელემენტს კლასი გააჩნია თუ არა. contains-ის მეთოდი სწორედ ამისთვის გვაქვს - რომ შევამოწმოთ ელემენტს გააჩნია თუ არა სპეციფიკური კლასი. მეთოდი პარამეტრად ღებულობს სტრინგს და დააბრუნებს true თუ კლასს შეიცავს, ხოლო false - თუ არ შეიცავს.

მაგალითისთვის, შევამოწმოთ დივი შეიცავს თუ არა კლასს animate:

HTML

JS
const checkOnClass = document.querySelector('#checkOnClass');
console.log(checkOnClass.classList.contains('animate')); // true რადგან შეიცავს
console.log(checkOnClass.classList.contains('circle')); // false რადგან არ შეიცავს

ელემენტის მანიპულაცია

ტექსტური კონტენტის და სტილიზაციის კონტენტის გარდა, ასევე შეგვიძლია შევქმნათ და წავშალოთ ელემენტები. ხშირ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ჩაწერას, წაკითხვას, განახლებასა და წაშლას, გვაქვს მარტივი ტერმინი CRUD. CRUD იშიფრება, როგორც:

• Create - შექმნა
• Read - წაკითხვა
• Update - განახლება
• Delete - წაშლა

Create

HTML ელემენტის შექმნა შესაძლებელია ორი გზით:

• პირდაპირ HTML ელემენტის დამატებით (innerHTML-ის გამოყენებით).
• createElement მეთოდის გამოყენებით.

განვიხილოთ ორივე გზა:

HTML

საინტერესო სტატია

JS
const article = document.querySelector('article');
article.innerHTML += `

innerHTML-ის გამოყენებით ვღებულობთ პირდაპირ დამატებულ კონტენტს არტიკლში (არტიკლი პირობითი ელემენტია, იგივე მოქმედებები შეიძლება ნებისმიერ ელემენტზე). ამ შემთხვევაში დავარენდერეთ სურათის თეგი. += გამოვიყენეთ სინტაქსის შემოკლებისთვის, რომ ახალი კონტენტი დაგვემატებინა innerHTML-ში არსებულ კონტენტთან ერთად.

განვიხილოთ იგივე მაგალითი createElement მეთოდის გამოყენებით:

HTML

საინტერესო სტატია

JS
const article = document.querySelector('article');
const image = document.createElement('img');
image.src = 'https://everrest.educata.dev/logo.png';
image.alt = 'სტატიის სურათი';
article.appendChild(image);

createElement მეთოდის გამოყენებით გვიწევს ჯერ ელემენტის შექმნა, შემდგომ მისი შესაბამისად მოდიფიცირება და ბოლოს appendChild მეთოდის გამოყენებით კონტენტის ჩასმა article ელემენტში.

ორივე მიდგომა სრულყოფილად ასრულებს თავის საქმეს, მაგრამ რომელი მეთოდი უნდა გამოვიყენოთ ხშირად?

შესაძლებელია ორივე მეთოდი გამოვიყენოთ სხვადასხვა სიტუაციების დროს, მეტწილადად innerHTML შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ როცა პირდაპირ გსურთ ელემენტის დამატება ზედმეტი თვისებების გაწერის გარეშე და არ გჭირდებათ დამატებული ელემენტის თავიდან ამოღება, ხოლო createElement გამოიყენეთ მაშინ, როცა გჭრდებათ თვისებების ცვლილებაც და ელემენტის სამომავლოდ გამოყენებაც. ასე თავს აარიდებთ დამატებული კონტენტის თავიდან ამოღებას, რასაც innerHTML არ გვთავაზობს.

Read

ელემენტის წაკითხვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ ელემენტის ძებნის სტატიას, სადაც დეტალურად არის განხილული თუ როგორ უნდა ამოვიღოთ ელემენტი ან ელემენტები.

Update

ელემენტის განახლება შესაძლებელია ბევრი გზით. რეალურად HTML-ს ელემენტს, რომელიც არის წარმოდგენილი როგორც კვანძი (node), გააჩნია საკმაოდ ბევრი თვისება და მეთოდი. მისი თითოეული თვისების ცვლილება გულისხმობს უკვე მის განახლებას. ამავე სტატიაში განვიხილეთ რამოდენიმე განახლების ნაწილი: ტექსტური კონტენტის შეცვლა, სტილიზაციის მანიპულაცია, ატრიბუტის მანიპულაცია.

Delete

ზოგჯერ დამატებული ელემენტი აღარ საჭიროებს ვებგვერდზე ყოფნას, ამიტომაც გვიწევს მისი წაშლა. წაშლისათვის შესაძლებელია სხვადასხვა მიდგომის გამოყენება:

• innerHTML თვისების გამოყენება
• remove მეთოდის გამოყენება.
• removeChild მეთოდის გამოყენება.

innerHTML-ით წაშლა პრაქტიკაში ყველაზე ცუდი წაშლის მიდგომა არის, თუმცა ზოგი დეველოპერი მას მაინც იყენებს. რეალურად innerHTML არ შლის, ის ასუფთავებს კონტენტს, შედეგად ვღებულობთ მშობელ ელემენტს, რომელსაც არ აქვს არანაირი კონტენტი.

HTML

არასაჭირო პარაგრაფი

წაშლა
JS
const removeParagraph = document.querySelector('#removeParagraph');
const removeParagraphBtn = document.querySelector('#removeParagraphBtn');

removeParagraphBtn.addEventListener('click', () => {
removeParagraph.innerHTML = '';

ასე კონტენტი გაქრება
ელემენტიდან, მაგრამ თუ გახსნით დეველოპერის თულს და დააკვირდებით ელემენტებს, შეამჩნევთ, რომ HTML-ში ისევ არის
ელემენტი. ამიტომაც ეს მიდგომა არ არის იდეალური, უმჯობესია remove-ისა ან removeChild-ის გამოყენება.

remove მეთოდი გამოიყენება იმისათვის, რომ კონკრეტული ელემენტი მთლაიანდ წავშალოთ HTML-დან. მეთოდი არანაირ პარამეტრს არ ღებულობს და არც არაფერს აბრუნებს, უბრალოდ წაშლის ელემენტს HTML-დან.

იგივე მაგალითზე განვიხილოთ remove:

HTML

არასაჭირო პარაგრაფი

წაშლა
JS
const removeParagraph = document.querySelector('#removeParagraph');
const removeParagraphBtn = document.querySelector('#removeParagraphBtn');

removeParagraphBtn.addEventListener('click', () => {
removeParagraph.remove();

მსგავსი მიდგომით საერთოდ წაიშლება
ელემენტი HTML-ს სტრუქტურიდან.

removeChild თვისება გამოიყენება მშობლიდან შვილობილი ელემენტის წასაშლელად, თუმცა თუ არ გვაქვს მშობელ ელემენტზე წვდომა, შვილობილ ელემენტსაც შეგვიძლია წავაშლევინოთ საკუთარი თავი.

შვილობილიდან წაშლის მაგალითი:

HTML

არასაჭირო პარაგრაფი

წაშლა
JS
const removeParagraph = document.querySelector('#removeParagraph');
const removeParagraphBtn = document.querySelector('#removeParagraphBtn');

removeParagraphBtn.addEventListener('click', () => {
if (removeParagraph.parentNode) {
removeParagraph.parentNode.removeChild(removeParagraph);

ასე მშობელ ელემენტზე წვდომის გარეშეც წავშლით არსებულ ელემენტს, თუმცა ესეთ დროს უფრო მიღებულია remove მეთოდის გამოყენება.

განვიხილოთ მშობლიდან შვილობილი ელემენტის წაშლის მაგალითი:

HTML

წაშალე შვილობილი ელემენტი
JS
const deleteFromParentNodeBtn = document.querySelector('#deleteFromParentNode');
const parent = document.querySelector('#parent');
const child = document.querySelector('#child');

deleteFromParentNodeBtn.addEventListener('click', () => {
parent.removeChild(child);

რეალურად ასე არის მშობელი ელემენტიდან შვილობილი ელემენტის წაშლა მიღებული.

განვიხილოთ ყოველი შვილობილი ელემენტის წაშლის მაგალითი:

HTML

1

2

3

4

5

წაშალე შვილობილი ელემენტი
JS
const deleteAllNodeBtn = document.querySelector('#deleteAllNodeBtn');
const parentNode = document.querySelector('#parentNode');

deleteAllNodeBtn.addEventListener('click', () => {
while (parentNode.firstChild) {
parentNode.removeChild(parentNode.firstChild);

ასეთი მიდგომით შესაძლებელია, ციკლი ვამუშავოთ მანამ, სანამ მშობელ ელემენტს გააჩნია პირველი შვილობილი ელემენტი.

შეჯამება

სტატიაში განვიხილეთ ელემენტებზე მანიპულაციის სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც გვეხმარება დინამიური კონტენტის შექმნაში. უკვე იცით, თუ როგორი სახით არის შესაძლებელი ელემენტის კონტენტზე მანიპულაცია, ატრიბუტებზე მანიპულაცია, კლასების მანიპულაცია და CRUD ოპერაციები.

იხილეთ სამაგალითო კოდები playground-ში.